ოთარ კერესელიძე - „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან
„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მეპატრონეებს მაღაზიაში შესვლის საშუალება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ შეეძლებათ.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურში 10:30 საათზე შემოვიდა შეტყობინება ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძრის შესახებ. 7-8 წუთში მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ადგილზე მუშაობდა 17 სახანძრო. ერთ საათსა და 20 წუთში მოხდა ხანძრის ლოკალიზება.
უსაფრთხოების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. დაშავებული არავინაა. დაახლოებით 8-10 ათასი კვადრატია დამწვარი. ხანძარი არ გავრცელებულა. შესაბამისი უწყების მიერ როცა მოხდება საგამოძიებო მოქმედებების დასრულება, შემდეგ მიეცემათ მეპატრონეებს მაღაზიაში შესვლის უფლება“,- განაცხადა კერესელიძემ.