თემქაზე აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა
თემქაზე აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა

თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, მეათე სართულზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. კერესელიძის განცხადებით, ნგრევისა ან აფეთქების საფრთხე არ არის.

„ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონში, მეორე კვარტალში, 21-ე კორპუსში, მეათე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვებით ბინის აფეთქება. ჩამონგრეულია შეკიდული ჭერი და კარ-ფანჯარა. დაშავებული არავინ არ არის. ბინაში არავინ არ იმყოფებოდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ბუნებრივი აირი გადაკეტილია. ადგილზეა გაზის საავარიო, „თელასის“ სამსახური და ამოწმებენ შენობას. განმეორებითი ნგრევის ან აფეთქების საფრთხე არ არის“,- განაცხადა კერესელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.