ოთარ კერესელიძე - ვაკე-საბურთალოს რაიონში სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება
ოთარ კერესელიძე - ვაკე-საბურთალოს რაიონში სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამით შესული 60-მდე შეტყობინების უმეტესობა სარდაფებისა და პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

„უხვი ნალექის გამო, ღამის განმავლობაში შემოვიდა 60-მდე შეტყობინება. შეტყობინებების უმეტესობა იყო, რომ დატბორილი იყო სარდაფები და პირველი სართულები ქალაქ თბილისის მასშტაბით. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თითქმის ყველა დანაყოფი, ასევე ჩართული იყო გამგეობა და საპატრულო პოლიცია. საგანგებო სიტუაციების მიერ გადამოწმებული იქნა მდინარეების დონე, ვერეს ხეობის მდინარეები. საფრთხე ამ დროისთვის არ არის. ასევე ჩართულია გეოლოგის სამსახური, რომლებიც ნახულობენ მეწყერსაშიშ ზონებს“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

მისივე თქმით, ამოტუმბვის სამუშაოების უმეტესობა ჩატარდა ვაკე-საბურთალოს რაიონში და დიდი დიღმის ტერიტორიაზე.

„ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან. ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ისევ დარჩა რამდენიმე დატბორილი სარდაფი და პირველი სართული, საიდანაც ხდება წყლის ამოტუმბვა. დაზარალებულები და დაშავებულები არ არიან“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მისივე თქმით, ვაშლიჯვარში უხვი ნალექის გამო ჩამოიშალა კედელი. ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ოთარ კერესელიძის თქმით, სავარაუდოდ მოსახლეობას ქირით გაიყვანენ.