ოთარ კახიძე - უფრო სწორი იქნება, თუ პოლიტიკური ეტიკეტის მიდგომებს შევიმუშავებთ და პარტიებში თვითრეგულირების მექანიზმები შეიქმნება
ოთარ კახიძე - უფრო სწორი იქნება, თუ პოლიტიკური ეტიკეტის მიდგომებს შევიმუშავებთ და პარტიებში თვითრეგულირების მექანიზმები შეიქმნება

ხელისუფლების სურვილია, ლიმიტირებული იყოს მათი კრიტიკის დრო, რადგან ოპოზიციურ პარტიას რამდენი ხანიც უნდა, იმდენ დროს დაუთმობს ხელისუფლების კრიტიკას – შეიძლება, 90 პროცენტი დაუთმოს, შეიძლება, 50 პროცენტი, – ამის შესახებ„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სიძულვილის ენის შესახებ უფრო სწორი მიდგომა იქნება პოლიტიკური ეტიკეტის შემუშავება.

„ანტირეკლამა არ არის მარეგულირებელი კომისიისა და ხელისუფლების საკონტროლებელი. რაც შეეხება სიძულვილის ენას, უფრო სწორი მიდგომა იქნება, თუ პოლიტიკური ეტიკეტის მიდგომებს შევიმუშავებთ და პოლიტიკურ პარტიებში შეიქმნება თვითრეგულირების გარკვეული მექანიზმები, იარსებებს საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა, სავალდებულო იქნება მსჯელობა და შედეგების ვებგვერდზე გამოქვეყნება. ეს უფრო სწორია, ვიდრე კანონმდებლობაში ბუნდოვანი ჩანაწერის გაკეთება. თუ მკაფიო განმარტება იქნება, რომელსაც სხვა მიმართულებით ყური ვერ მოებმება, შემოგვთავაზონ. ბუნდოვანი დეფინიციაა, არ ვართ მომხრე, ოპონენტებს დაუწესოს საუბრის სტილი და მანერა.

მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების გაგრძელება და არ შეიძლება, კეთილშობილური ზრახვებით იყოს შეფუთული ეს ჩანაწერები. ეს შორს წასვლას ნიშნავს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.