შალვა პაპუაშვილი - ბექა მინდიაშვილის სრული თავისუფლებაა, იყოს მოძულე, პრობლემაა, როდესაც ამაში იხარჯება ამერიკელი ხალხის ფული
შალვა პაპუაშვილი - ბექა მინდიაშვილის სრული თავისუფლებაა, იყოს მოძულე, პრობლემაა, როდესაც ამაში იხარჯება ამერიკელი ხალხის ფული

სიძულვილის ენაც გამოხატვის თავისუფლებაა, პრობლემაა ის, რომ სიძულვილის ენა ფინანსდება აშშ-ის მიერ და აშშ-ის ხალხის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესში არ შედის, სიძულვილის ენა მათი გადასახადებიდან ფინანსდებოდეს.

„სიძულვილის ენა, რადიკალიზმი და ანტიეკლესიური რადიკალიზმი, ასევე მტრული რიტორიკა პრობლემად იქცევა ხოლმე მაშინ, როდესაც ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტთან ან დაფინანსებულია გარედან. ამიტომაც, თავისთავად, ბექა მინდიაშვილს შეუძლია, იყოს ისეთი მოძულე, როგორიც მას სურს, ეს მისი სრული თავისუფლებაა, მაგრამ ამაში როდესაც იხარჯება ამერიკელი ხალხის ფული, სწორედ ეს არის პრობლემა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესში საერთოდ არ შედის, სიძულვილის ენა ფინანსდებოდეს მისი გადასახადებიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, პარლამენტის თავმჯდომარე აცნობიერებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ აგრესიას თესავს კონკრეტული პირის მიმართ, რომ მას აგრესიული ჯგუფები დაესხნენ თავს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბექა მინდიაშვილი სიძულვილს აფრქვევს და მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფლექსია ჰქონდეს.

„თქვენ ამართლებთ, რომ ამერიკული დაფინანსებით მოქმედი პროექტი კათოლიკოს-პატრიარქს ეძახდეს ჯაშუშს, რომ ანტიდასავლურ ისტერიას გვიწოდებდნენ ყველას, ვინც 7 იანვარს აღვნიშნეთ შობა და იყოს შევიწროება მართლმადიდებელი მრევლის? თქვენ რა რეაქცია გაქვთ ამაზე? ეს არის პრობლემა, რადგან, სამწუხაროდ, მათ შორის თქვენი ტელევიზიაც, „ფორმულაც“ ჩართული იყო ამ ისტერიაში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი აგებს საკუთარ სიტყვებსა და ქცევაზე პასუხს. ის, რომ ის სიძულვილს აფრქვევს, არის ბექა მინდიაშვილის პრობლემა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფლექსია ჰქონდეს. თქვენ ეთანხმებით ე.ი. ამ გამონათქვამებს. ეკლესიაზე როდესაც მიდის მტრული რიტორიკა, ამისთვის დარქმევა, რომ მტრული რიტორიკაა, ეს არის თქვენთვის პრობლემა?! ანუ, თქვენთვის არ არის პრობლემა, რომ ეს არის მტრული რიტორიკა, ეს არის თქვენი პრობლემა, მათ შორის, როდესაც გაქვთ ასეთი დამოკიდებულება. გისმენთ და ყურებს არ ვუჯერებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია, თქვენ თვითონ ხელს უწყობთ მტრულ რიტორიკას ეკლესიის წინააღმდეგ, ამით აღვივებთ სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს არის, რასაც აკეთებთ სინამდვილეში და ახლა აქეთ შედავება სხვის მიმართ სამწუხაროა, უბრალოდ. არატოლერანტული რიტორიკა როდესაც არის და ამისთვის გამოიყენება ამერიკელი ხალხის ფული, რა თქმა უნდა, USAID-ი ამაზე უნდა დაფიქრდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიასა და მრევლზე თავდასხმისას იხილა, გასცდა აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიშ ზღვარს მიუახლოვდა“. ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ ის გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით. პაპუაშვილის თქმითვე, როგორც ირკვევა, ტოლერანტობის ცენტრი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში.