არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა
არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა

პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით შეიცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

„წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს: კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით; მეორე – შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

მესამე – პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ, პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30-პროცენტიან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების თანახმად, უფასო საერთო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა კი, თანაბრად იქნება შესაძლებელი.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელშიც შვიდ წევრს პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

„პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მე-6 დღისა და თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ სულ მცირე, ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს პირებისთვის, ვისაც აქვს განსაკუთრებული საჭიროებები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე მისი თქმით, გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში; გარდა ამისა, დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად ცნობილი, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

„ჩვენი მხრიდან, როგორც ხედავთ, არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა. როგორც ხედავთ, ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები არის გათვალისწინებული ჩვენს შეთავაზებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც.

„სწორედ ამ მიზნით, დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მან შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.