არჩილ თალაკვაძე - ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება
არჩილ თალაკვაძე - ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება

ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა, ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი დღეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა, სადაც არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობაში უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.

„ცნობილია, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ” 2017-18 წლებში განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ.  2024 წელს უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა და საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე – ერთი თვის წინ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით, უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა.

ჩვენ გვსურს, გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი; შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დღეს იწყება კონსულტაციების მესამე რაუნდი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

„წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს: კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც  არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30 პროცენტიან დანამატს.

უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან შვიდ წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე, მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული; პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება; ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა;  გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში; ასევე დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

„ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამ მიზნით, ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.