ვასილ მაღლაფერიძე - სიძულვილის ენა არ არის სათამაშო თემა, უბრალოდ სიტყვის წამოცდენა, სიძულვილის გაღვივება დენთის კასრისკენ ძალიან დიდ ნაპერწკლებს ისვრის
ვასილ მაღლაფერიძე - სიძულვილის ენა არ არის სათამაშო თემა, უბრალოდ სიტყვის წამოცდენა, სიძულვილის გაღვივება დენთის კასრისკენ ძალიან დიდ ნაპერწკლებს ისვრის

სიძულვილის ენა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემატურია და ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ამიტომ მიიღეს მარეგულირებელი კანონები. ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ევროპის დიდი ოჯახის წევრობისკენ ისწრაფვის, ბუნებრივია, ეს საკითხი დარეგულირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაღლაფერიძის თქმით, „რეგულაცია საჭიროა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპისკენ მივდივართ, არამედ იმიტომაც, რომ, ზოგადად, სიძულვილის ენა პრობლემას წარმოადგენს“.

„მნიშვნელოვანია, მთელი საზოგადოება შეთანხმდეს, როგორ გარემოში გვინდა ცხოვრება. ადამიანებისთვის კომფორტულ გარემოს არ ქმნის მხოლოდ ეკონომიკა და მატერიალური მდგომარეობა. ყველამ ვიცით სიტყვის ძალა და ხშირად შეიძლება, მისგან ადამიანმა გამოუსწორებელი ზიანიც მიიღოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი ამ თემას სწორედ ახალგაზრდების ჩართულობით განიხილავს. დღეს შედგა საინტერესო დისკუსია, სადაც გამოჩნდა, რომ ამ საკითხისადმი ახალგაზრდული პარლამენტის წევრების დაინტერესება დიდია.

დღევანდელი დისკუსიის დროს ითქვა, რომ მარეგულირებელი კანონი არ უნდა იყოს დრაკონული, თუმცა უნდა მოიტანოს გარკვეული ეფექტი. ამ საკითხმა შესაძლოა, საზოგადოებაში დიდი რყევები გამოიწვიოს, სწორედ აქედან გამომდინარე, ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს.

რასაკვირველია, ნებისმიერ მედიასაშუალებას შეუძლია, თვითრეგულირების მექანიზმი გამოიყენოს, მაგრამ ევროკავშირის მითითებაც არის, რომ მხოლოდ თვითრეგულირების იმედად არ უნდა ვიყოთ. ყოველთვის შეიძლება, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, ნებსით ან უნებლიეთ, გასცდნენ დასაშვებ ფარგლებს, ამისთვის არის საჭირო რეგულაცია.

მედიის როლი დიდია როგორც სიძულვილის ენის გავრცელებაში, ისე შეჩერებაში. სწორედ მედიით ეძლევათ ადამიანებს საშუალება, მიმართონ ფართო საზოგადოებას. ეს ერთგვარი პრივილეგიაა იმ ადამიანების, რომლებიც ხშირად გამოდიან ტელევიზიით, თუნდაც მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არიან ასევე ადამიანები, არანაკლებ საპატიო პროფესიის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება ტელევიზიას.

მოგვწონს თუ არა, საზოგადოებაში ქცევის, საუბრის, ურთიერთმიმართვისა და ურთიერთობის სტანდარტს დიდწილად მედია აწესებს. კონკრეტულ ადამიანებს ვგულისხმობ, პოლიტიკოსებს ან ექსპერტებს, რომლებიც ხშირად გამოდიან ტელეეთერით და მიაჩნიათ, რომ სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება მათთვის სარგებლის მომტანია. ასეთი ცდუნება შესაძლოა, სხვებსაც გაუჩნდეთ, ისტორიის განმავლობაში ხშირად გასჩენიათ კიდეც და ამისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს. გადავხედოთ თუნდაც კაცობრიობის არცთუ შორეულ წარსულს, ნაციზმისა და ბოლშევიზმის ისტორიას. სწორედ სიძულვილის ტალღაზე და სიძულვილის გაღვივებით მოსულმა ადამიანებმა მოიტანეს ძალიან დიდი უბედურება.

სიძულვილის ენა არ არის სათამაშო თემა, უბრალოდ სიტყვის წამოცდენა. ეს არის სიძულვილის გაღვივება, რომელიც დენთის კასრისკენ ძალიან დიდ ნაპერწკლებს ისვრის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.