პრემიერის ანგარიში – 2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია

14:47, 02.06.2026

2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2024 წლის მაჩვენებელს აღემატება 10%-ით, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა, 2025 წლის მონაცემებით, 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა.

მთავრობის ცნობით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 92 ქვეყანაში ექსპორტირებულია 577 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელს 13.6%-ით აღემატება.

„2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 84 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 19.8 მილიარდი ლარი შეადგინა და 2024 წელთან შედარებით 9%-იანი ზრდა აღინიშნა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი