ოთარ დანელია - პრაქტიკული რეალობა მინიმალურია, რომ მიწის გასხვისების საკითხზე რამე სერიოზული ტრანზაქცია ან რეგისტრაცია მოხდეს
პრაქტიკული რეალობა მინიმალურია, რომ მიწის გასხვისების საკითხზე რამე სერიოზული ტრანზაქცია ან რეგისტრაცია მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.
„ორ დღეში იწურება ვადა თავისუფალი სივრცისა, რომელიც თეორიულად შეიძლება, რისკად განხილულიყო, მაგრამ პრაქტიკული რეალობა მინიმალურია, რომ რაიმე სერიოზული ტრანზაქცია ან რეგისტრაცია მოხდეს. ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 16 დეკემბრის შემდეგ, ეს იქნება დე ფაქტო მორატორიუმი, ვინაიდან ახალი კონსტიტუციით ისედაც აკრძალულია მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. პირიქით, ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც მორატორიუმი ამოქმედდება, რომ არ მოხდეს ტოტალური აკრძალვა, საჭირო იქნება ორგანული კანონის მიღება და ამ საკითხის რეგულირება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში დღის წესრიგში სასწრაფოდ უნდა შევიდეს მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმების საკითხი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი