ადა მარშანია - მორატორიუმი გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე ორგანულ კანონს არ მივიღებთ
ადა მარშანია - მორატორიუმი გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე ორგანულ კანონს არ მივიღებთ

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმებაზე არასწორია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენს ფრაქციას მიაჩნია, რომ დღეს დღის წესრიგში სასწრაფოდ უნდა შევიტანოთ მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმების საკითხი. მიგვაჩნია რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმებაზე, არასწორია. გვინდა, დღესვე სესიაზე განვიხილოთ ეს საკითხი. ჩვენ ამას ვითხოვთ არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელით, არამედ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რათა პარლამენტმა გავაგრძელოთ მორატორიუმი იქამდე, ვიდრე არ განვიხილავთ საზოგადოებასთან ერთად ორგანულ კანონს. ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, როდესაც მიწის კადასტრი დასამთავრებელი გვაქვს. 4 მილიონზე მეტი საკარმიდამო ნაკვეთი ჯერ სამართლებრივ სივრცეში არ არის მოხვედრილი. ეს გასაკეთებელი გვაქვს, მიწის კოდექსი არ გვაქვს. მიმოფანტულია მიწის თაობაზე კანონები და რაც მთავარია, ორგანული კანონი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და აღნიშნა, რომ „კონსტიტუციაში იმპერატიულად უნდა იყოს ჩაწერილი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საქართველოში არ გასხვისდება“.

„ჩვენ ეს შემოგთავაზეთ ჯერ კიდევ კონსტიტუციაზე მუშაობის დროს, არ იყო გაზიარებული ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმასაც, რომ რასაკვირველია, ბევრად უკეთესი ჩანაწერი არის დღეს ჩვენს კონსტიტუციაში, მაგრამ ვიდრე რეგულირებას დეტალურად არ დავაწესებთ, შევთანხმდეთ, რომ არ იღელვოს ჩვენმა მოსახლეობამ. მორატორიუმი გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანულ კანონს არ მივიღებთ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ სამ მოსამართლეს, რომელმაც თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია ასე ღიად, უშიშრად დააფიქსირა. წნეხს არ დაემორჩილნენ მოსამართლეები და დიდი მადლობა მანანა კობახიძეს, ევა გოცირიძესა და მერაბ ტურავას“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ დეპუტატებს იუსტიციის სახლთან მისვლა და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობა ურჩია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს პლენარულ სესიაზეც დააყენებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.