ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა
ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა

ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა. გადაწყვეტილების შესახებ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მორატორიუმი გაგრძელდება ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე. ამასთან, ბულვარი მმართველობაში აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.

„ჩვენი გუნდის წევრებისთვის აბსოლუტურად გასაგებია ბულვარის მნიშვნელობა თითოეული ბათუმელისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარის, ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობის წესით გათვალისწინებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე, ასევე ჩვენ მივიღეთ მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბულვარის შემდგომ მართვას. ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად უზრუნველყონ ბათუმის ბულვარის ბათუმის მერიისთვის სამართავად გადაცემა. ეს ერთხელ და სამუდამოდ გასცემს პასუხებს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ბათუმში კარგად იციან, თუ რომელი კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა, რა დროს არის აღებული კონკრეტული ვალდებულებები. ჩვენ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბათუმის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა, რომელზეც ბულვარის სანაპიროზე სასტუმრო „ლემერიფიანისთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი უნდა განეხილათ. საკითხი საკრებულომ დღის წესრიგიდან ამოიღო.

დატოვე კომენტარი