ღრმად მიწაში, ზედაპირზე მიმდინარე ქაოსისგან მოშორებით, სრულ წყვდიადში, მიკრობთა ერთი საზოგადოება თავისთვის, უშფოთველად, სრულ იზოლაციაში ყვავის.
ეს ორგანიზმები იმითაა განსაკუთრებით გამორჩეული, რომ გარესამყაროს მილიარდობით წლის განმავლობაში იყვნენ მოწყვეტილი, გაცილებით დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიწისქვეშა საზოგადოება, რაც კი აქამდე გვინახავს. ორი მილიარდი წლის ქანში ცოცხალ მიკრობთა პოვნა წინა რეკორდს 100 მილიონი წლით უსწრებს.
„ამრიგად, ეს აღმოჩენა ძლიერ ამაღელვებელია“, — ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის გეომიკრობიოლოგი იოჰეი სუძუკი.
ამბავი მართლაც მნიშვნელოვანია — ასეთ იზოლირებულ მიწისქვეშა ჯიბეებში მიკრობები უფრო ნელა ვითარდებიან, რადგან განცალკევებული არიან იმ სხვა მრავალი სტრესისგან, რომელიც ევოლუციას წარმართავს უფრო „დასახლებულ“ ჰაბიტატებში.
ეს იმას ნიშნავს, რომ მიკრობთა საზოგადოებას შეუძლია ისეთი რამეები გვითხრას, რაც შეიძლება არ გვცოდნოდა დედამიწაზე მიკრობთა ევოლუციის შესახებ. ეს ფაქტი ასევე მიუთითებს იმასაც, რომ მიწისქვეშა მიკრობული საზოგადოებები შეიძლება დღემდე ცოცხლობდეს მარსზე, ამდენი ხნის განმავლობაში გადარჩენოდა ზედაპირზე წყლის გაქრობას.
„არ ვიცოდით, თუ ორი მილიარდი წლის ასაკის ქანები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო. მაგრამ ამ სახის მიკრონთა დნმ-სა და გენომების შესწავლით, შეგვიძლია გავიგოთ დედამიწაზე ძლიერ ადრეული სიცოცხლის ევოლუცია“, — განმარტავს სუძუკი.
ქანის ნიმუში სამხრეთ აფრიკაში, 15 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს გეოლოგიური ფორმაციიდან, რომელსაც ბუშველდის კომპლექსს უწოდებენ. ეს ფორმაცია უზარმაზარია, 66 000 კვადრატული კილომეტრი და შეჭრილია დედამიწის ქერქში, რომელიც დაახლოებით ორი მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა ზედაპირის ქვეშ მაგმის გაციების შედეგად.
სუძუკი და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ქანის ფორმაცია და ევოლუცია დროთა განმავლობაში, დიდი ალბათობით, ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო მიკრობებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში საბინადროდ. ამიტომ, ისინი ჩაეწერნენ საერთაშორისო კონტინენტური სამეცნიერო ბურღვის პროგრამაში (International Continental Scientific Drilling Program), რათა ბუშველდის კომპლექსიდან 30 სმ სიგრძის ნაბურღი ნიმუში (კერნი) აეღოთ და მასში მიკრობული სიცოცხლის ნიშნები მოეძებნათ.
პირველ რიგში უნდა გამოერიცხათ, რომ მასში ნაპოვნი ნებისმიერი მიკრობი ამ ჰაბიტატის ადგილობრივი არ იყო და არ წარმოადგენდა გათხრის პროცესში დაბინძურების შედეგს. ამისათვის გამოიყენეს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინ შემუშავებული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ნიმუშის გარე ნაწილის სტერილიზაციას მის ნაჭრებად დაჭრამდე და შიგთავსის შემოწმებამდე.
შემდეგ ნაჭრები ციანინის საღებავით შეღებეს. ეს საღებავი დნმ-ს ეკვრის და შესაბამისად, თუკი ნიმუშში რაიმე დნმ-ია, ინფრაწითელი სპექტროსკოპის ქვეშ მოთავსებისას, ის საშობაო ნაძვისხესავით გაანათებს. ასეც მოხდა.
ნიმუშები გაჟღენთილი იყო თიხით, რომელიც მიკრობთა კოლონიების სიახლოვეს, ქანის ჯიბეებთან, „ძარღვებს“ წარმოქმნიდა.
ამ თიხის შეკვრების შედეგი მრავალმხრივი იყო — მიკრობებს აძლევდა სასიცოცხლო რესურსს, ორგანულ და არაორგანულ მასალებს, რომელთა მეტებოლიზებაც შეეძლოთ; ამავე დროს, ის ეფექტიანად ლუქავდა ქანს — ხელს უშლიდა როგორც მიკრობების გაქცევას, ისე მასში ნებისმიერი სხვა რამის შესვლას, მათ შორის სითხის ჩაჟონვას.
საჭიროა ამ ქანში აღმოჩენილი მიკრობული საზოგადოების უფრო დეტალური ანალიზი, მათ შორის დნმ ანალიზი, რათა დადგინდეს, როგორ შეიცვალა ან არ შეიცვალა ის გასული ორი მილიარდი წლის განმავლობაში, როცა ის დედამიწის დანარჩენი სიცოცხლისგან სრულიად მოწყვეტილი, იზოლირებული იყო.
ბუშველდის კომპლექსიდან მკვლევრები უფრო მეტ ნიმუშს აიღებენ, რათა იქ აღმოჩენილი უფრო მეტი მიკრობი დაახასიათონ და ჩასვან დედამიწის ევოლუციურ ისტორიაში.
და ბოლოს, ამ ყველაფერს გავლენა აქვს არამიწიერი სიცოცხლის ძებნაზეც.
„ძლიერ მაინტერესებს მიწისქვეშა მიკრობების არსებობა არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ სხვა პლანეტებზე მათი პოვნის პოტენციალიც. NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იღებს და აგროვებს ნიმუშებს, რომლებსაც შემდეგ დედამიწაზე ჩამოიტანენ და ასეთივე კვლევებს ჩავუტარებთ. დედამიწაზე ორი მილიარდი წლის წინანდელ ნიმუშებში მიკრობული სიცოცხლის პოვნა და მათი ავთენტურობის ზუსტად დადასტურება აღმაფრთოვანებს და წარმოვიდგენ, რა შეიძლება ვიპოვოთ მარსის ნიმუშებში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტოკიოს უნივერსიტეტის გეომიკრობიოლოგი იოჰეი სუძუკი.
კვლევა Microbial Ecology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია u-tokyo.ac.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.