ნუგზარ თინიკაშვილი - ოჯახის გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილს შაბათს დაკრძალავენ
ნუგზარ თინიკაშვილი - ოჯახის გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილს შაბათს დაკრძალავენ

ჩემი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სრული გამოკვლევა დღეს ღამითვე მოხდება და ცხედარს ოჯახში გამთენიისას გადაასვენებენ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება და ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვა შაბათ დღეს იქნება, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26–დღიანი მძიმე მოლოდინის შემდეგ გადმოეცა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის დათვალიერება მოხდება. გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა რამდენად იქნება შესაძლებელი, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან გარდაცვალებიდან, თითქმის, ერთი თვე გავიდა“, – განაცხადა თინიკაშვილმა. 

მისი თქმით, რუსეთის, საქართველოსა თუ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ როგორი დასკვნაც არ უნდა დაიდოს, საქართველოს საზოგადოების ვერც ერთი წევრი ვერ დარწმუნდება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ის სრულიად ჯანმრთელი, ფიზიკურად უძლიერესი პიროვნება იყო და გამორიცხულია, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა, ან სხვა რამე მცირე დაზიანება გამხდარიყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას მაინც უნდა დაველოდოთ და ამ ყველაფერზე საუბარი მერე უფრო ადვილი იქნება“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.