ნონა მამულაშვილი - პრეზიდენტს ყველაზე კარგად ესმის, რა მტკივნეულია, როცა საქართველო პროდასავლურ გზას გადაუხვევს
პრეზიდენტს ყველაზე კარგად ესმის, რა მტკივნეულია, როცა საქართველო პროდასავლურ გზას გადაუხვევს. მან ეს ყველაზე ნათლად დაინახა, რადგან, სავარაუდოდ, იმაზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ და საზოგადოებას გვაქვს „ქართული ოცნების“ გეგმებსა და ხედვაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა იგრძნო საშიშროება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურ გზას ღიად გადაუხვია.
„ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ღიად საუბარს არ ერიდება, რომ პროდასავლური გეგმები აღარ აქვს და ჩვენი მომავალი მათი ხელისუფლების პირობებში რუსეთი და რუსეთის გავლენების გაძლიერებაა, რაც მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში კარგად გამოსდით. სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ზეწოლის მსხვერპლია და მისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ. ვიცით, როგორ გახდა პრეზიდენტი, მას არ შეუსრულებია თავისი კონსტიტუციური მოვალეობა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაეცვა, დღეს კი, უბრალოდ იგრძნო ის საშიშროება, რომ ღიად გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურ გზას და მას სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა, გააკრიტიკოს უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მას მოუწია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნეგატიური კომენტარის გაკეთება, რადგან სხვანაირად არ გამოუვა, დავალება აქვს, რომ აუცილებლად ოპოზიციაზე კრიტიკული მოსაზრებები გააჟღეროს. „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, ოპოზიცია ის ძალაა, რომელიც პროდასავლურია. ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა და ძალიან განვიცდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.