ირაკლი ნადირაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს, სააკაშვილის შეწყალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა და ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევდა
ირაკლი ნადირაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს, სააკაშვილის შეწყალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა და ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია. ვითომ არ იცოდეს ყველამ, რომ შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული“.

ირაკლი ნადირაძის განაცხადებით, ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევდა.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ძალიან ჰგავს პასუხისმგებლობისგან გაქცევას და თავის არიდებას. არადა, ამ მნიშვნელოვან პროცესში მას შეეძლო, ძალიან დიდი როლი ეთამაშა. მათ შორის მის მიერ პრეზიდენტის შეწყალება, რომელიც პუტინის პირადი პატიმარია, იქნებოდა ძალიან დიდი გამოხმაურების, რეზონანსის მქონე და მიუხედავად იმისა, რომ გამოგონილი ბრალდებებით კიდევ არის მიმდინარე საქმეები, ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევდა. ისინი ვერ აუხსნიდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, შეწყალების მიუხედავად, რატომ უნდა დარჩენილიყო ციხეში მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ეს არჩევანი და აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს, ამ გზაზე მყოფ ქვეყანას ნამდვილად არ ადგება.

მე ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ძალიან კარგად ვიცი იურიდიული დეტალები. რა პროცესებიც ახლა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სამართლებრივი საკითხებისგან აბსოლუტურად დაცლილია. რეალურად, არც სასამართლო პროცესი და არც სამართლიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და გადაწყვეტილებაც მიხეილ სააკაშვილის გაშვებასთან თუ დატოვებასთან დაკავშირებით იყო და არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს მიღებული უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძემ შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადების კიდევ ერთი ნაწილი, რომლის მიხედვით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება, თამაში და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება.

„ნამდვილად თამაშია, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. ცეცხლს ეთამაშებიან ქვეყნის ბედთან მიმართებით, ოღონდ სალომე ზურაბიშვილი ამას სხვა პრიზმიდან და კუთხიდან ხედავს. თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდა პუტინის საამებლად ციხეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა დიდი ხნის განმავლობაში იქნება დამთავრებული. როდესაც თამაშებზეა ლაპარაკი, სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუწოდოს, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ამ დროს მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორი ციხეშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლავენ ციხეში. ამიტომ განცხადება, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, მიმართული უნდა იყოს „ქართული ოცნებისკენ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.