ნონა მამულაშვილი - ბრძოლას ვაგრძელებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება მოჰპარა, მათ სახელმწიფო დაუბრუნოს
ვუყურებთ, როგორ იქცეოდა „ქართული ოცნება“ ბოლო 50 დღის განმავლობაში და როგორ არღვევდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, ამას დასავლეთიდანაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა და საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანა კლინიკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, არ ჰქონდა.
„ის ტყუილი, რასაც ჩვენ ვისმენდით, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭამდა, არ შიმშილობდა, ტყუილი აღმოჩნდა. ვნახეთ, როდესაც ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა და „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ან უნდა მოეკლა ციხეში, ან გადაეყვანა. იძულებული გახდნენ გადაეყვანათ, რადგან იცოდნენ რა მძიმე პროცესები შეიძლება, მოჰყოლოდა ამ ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას. დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ველოდებით ექიმებისგან ეს პროცესი როგორ გაგრძელდება. პირველი ეტაპი გავლილია, მაგრამ ეს ძირითადი მოთხოვნა არ იყო. ბრძოლას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ძალა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება მოპარა, რომელმაც ქართული სახელმწიფო მოიპარა, უნდა დაუბრუნოს ეს სახელმწიფო საქართველოს მოსახლეობას. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა იმ კონსტიტუციური მეთოდით, რისი უფლებაც გვაქვს. მოთხოვნები არ შეცვლილა, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ვნახეთ, როგორ კრიტიკულ ზღვარზე იყო მისული. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა დაინიშნოს, საკონსტიტუციო ცვლილებები არის შემოსაღები და ჩვენ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ იმ პროტესტის ფორმას, რომელიც გვაქვს და დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციას, რათა ვაიძულოთ ის მინიმუმი მაინც მიიღონ, რისი დაკვეთაც მოსახლეობისგან აქვთ“, – განაცხადა მამულაშვილმა.