ნოე მეგრელიშვილი - დედაქალაქში, ჰაერში ტყვიის შემცველობა გასულ წელს ევროპულ ნორმაზე 37-ჯერ ნაკლები იყო
დედაქალაქში მთავარი დამაბინძურებელი არის აზოტის ოჟანგი, ანუ წვის პროდუქტი, რომლის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ნივთიერება პირდაპირ კავშირშია წვის ხარისხთან, ავტოპარკის ასაკთან და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასთან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, მეორე პრობლემური დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკები, ანუ, ე.წ. მტვერია, რომლის გადაჭარბებაც თითქმის, ყველა უბანში ფიქსირდება და იმ ქუჩების მიმდებარედ, სადაც ავტოტრანსპორტის აქტიური ნაკადები და საცობებია, ნორმის გადაჭარბება პერმანენტულად ფიქსირდება.
„წერეთლის გამზირზე მტვრის გადაჭარბების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ყაზბეგის გამზირზე კი, გაცილებით ნაკლები. დიდი ალბათობით, წერეთლის გამზირზე ასეთი მაღალი მაჩვენებლები იმიტომ ფიქსირდება, რომ ძალიან ახლოსაა განთავსებული ე.წ. ელიავას ბაზრობა, სადაც საშენი მასალების გაყიდვა ღია წესით ხდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სხვა დამაბინძურებლებთან მიმართებით, დედაქალაქში საბედნიეროდ, კარგი მდგომარეობაა.
„მაგალითად, გოგირდის დიოქსიდი ევროპულ ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია და იგივე შეიძლება ითქვას ნახშირჟანგზე. გოგირდის დიოქსიდის შემთხვევაში ეს ბენზინის ხარისხის გაუმჯობესებითაა გამოწვეული. 2012-დან 2017 წლამდე, მთავრობამ ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შეამცირა და შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს დამაბინძურებელი პრობლემას აღარ წარმოადგენს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ნოე მეგრელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქში მონიტორინგი უწყვეტად წარმოებს ოთხ წერტილში, ევროპული და იაპონური ტექნოლოგიების სადგურებით, სადაც ყოველწუთიერად ხდება ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ბოლო ინფორმაცია ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით და არის თუ არა მონაცემები საგანგაშო, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მართალია, სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან მდგომარეობა საგანგაშო არანაირად არ არის.
„დედაქალაქში, 2017 წელს, ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ ნორმაზე 37-ჯერ ნაკლები იყო. ქვეყანაში მინიმუმ 2005 წლიდან, ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება აკრძალულია და 2016 წლიდან აღდგა საწვავის ხარისხზე სახელმწიფო ინსპექტირება. შემოტანილი ბენზინი პირველ რიგში, საზღვარზე მოწმდება“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.