ლევან დავითაშვილი - გამკაცრდება სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციები და დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ახალი სისტემა
ლევან დავითაშვილი - გამკაცრდება სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციები და დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ახალი სისტემა

2018 წელს, საქართველოში დაიწყო მასშტაბური კვლევა თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2018-2019 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200 ლოკაციაზე, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

„2018 წელს, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია. დაინერგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტები, განახლდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გარდა ჰაერში ტყვიის მონიტორინგისა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი.

„2018 წელს 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯი აიღეს. არც ერთ სინჯში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი – air.gov.ge, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგის სისტემა არის იმის აუცილებელი პირობა, რომ გვქონდეს სუფთა ჰაერი, განვსაზღვროთ დაბინძურების წყაროები.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გამკაცრდება სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციები და დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ახალი სისტემა. ასევე, დადგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაფრქვევის ევროპული ნორმები, შეიქმნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა და გაფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი.