გერმანელი ექსპერტები - კორონავირუსის შედეგად უფრო მეტი ადამიანი იმ რეგიონებში იღუპება, სადაც ჰაერი დაბინძურებულია
გერმანელი ექსპერტები - კორონავირუსის შედეგად უფრო მეტი ადამიანი იმ რეგიონებში იღუპება, სადაც ჰაერი დაბინძურებულია

გერმანელი ექსპერტების თქმით, კორონავირუსის შედეგად უფრო მეტი ადამიანი იმ რეგიონებში იღუპება, სადაც ჰაერი დაბინძურებულია. ამის შესახებ ნათქვამია, გერმანიის ქალაქ ჰალეში მდებარე მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარების ანგარიშში.

ისრაელელმა მეცნიერმა იარონ ოგენმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მუშაობს, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების დახმარებით დაბინძურებული ჰაერისა და იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა მონაცემების შედარებითი ანალიზი გააკეთა.

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსს მეტი ადამიანი ემსხვერპლა იმ რეგიონებში, სადაც ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი მეტია. მაგალითისთვის – იტალიის ჩრდილოეთი, მადრიდი ან უხანი. იარონ ოგენის თქმით, ჩამოთვლილ რეგიონებში დაბინძურებულმა ჰაერმა  ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა და შესაბამისად ეპიდემიას მეტი მსხვერპლი მოჰყვა.

დიოქსიდის აზოტით დაბინძურებული ჰაერი ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. ცნობილია, რომ დიოქსიდის აზოტით დაბინძურებული ჰაერი რესპირატორული და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მიზეზი ხდება. ასეთი ჰაერი ცვლის ადამიანის სისხლის ფორმულას, კერძოდ, ამცირებს ჰემოგლობინს.