საქართველოს 25 ქალაქში ჰაერის ხარისხის კვლევები ჩატარდება
საქართველოს 25 ქალაქში ჰაერის ხარისხის კვლევები ჩატარდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს 25 ქალაქში ჰაერის ხარისხის კვლევები ჩატარდება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს.

წელს, სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად ხორციელდება, ხოლო მიღებული შედეგები, უახლოეს მომავალში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge გამოქვეყნდება.