ნინო ზამბახიძე - დაუნახავი უნდა იყო, რომ ის თანადგომა ვერ დაინახო, რაც ფერმერულ მეურნეობებს აქვთ
მე ყველა ხელისუფლების დროს ფერმერი ვიყავი და ამ ხელისუფლების მაქებარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, რომ ის თანადგომა ვერ დაინახო, რაც ფერმერულ მეურნეობებს გააჩნიათ, – განაცხადა „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მე რეგიონებში დავდივარ და ფერმერებთან შეხება მაქვს. რა თქმა უნდა, პრობლემა ბევრია. საღად მოაზროვნე ადამიანი დღეს არ ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით პრობლემა არ არსებობს მაშინ, როცა ქვეყანას პროდუქციის წარმოების პოტენციალი აქვს და ამ დროს, 80%-იანი იმპორტია, მაგრამ დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, რომ ის თანადგომა ვერ დაინახო, რაც ფერმერულ მეურნეობებს გააჩნიათ“, – განაცხადა ზამბახიძემ.
ამ განცხადებით ნინო ზამბახიძე გადაცემაში სტუმრად მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბოტკოველს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება გლეხებსა და ფერმერებს მხარდაჭერას არ უცხადებს და ისეთ მოცემულობას ხატავს, თითქოს, სოფლის მეურნეობა ააშენა.
ნინო ზამბახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროექტი მოქმედებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციების პროექტების წილი ძალიან დიდია და ძალიან ბევრი რამ კეთდება, პროდუქცია სწორედ იმიტომ ვერ იწარმოება, რომ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მწირია.
„ფერმერულ მეურნეობებში არის ფენა, რომლისთვისაც ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ბანკები სოფლის მეურნეობას მაღალრისკიან სფეროდ მიიჩნევენ. ბანკებისთვის მნიშვნელოვანია, იპოთეკაში თბილისსა და დიდ ქალაქებში არსებული ქონება დაიტვირთოს და არა მიწის სავარგულები და ბიზნესი, რომელიც ფერმერებს გააჩნიათ. თუ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ იქნება, წარმოუდგენელია, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
„ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ დაზღვევის არარსებობა სერიოზული გამოწვევაა.
„ნაწილ მიმართულებაში დაზღვევა არსებობს, თუმცა, დაზღვევის მოქნილი მექანიზმი არ არსებობს. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში სწორი დაზღვევა იარსებებს, სოფლის მეურნეობა ბანკისთვისაც უფრო მიმზიდველი გახდება“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.