ნინო ლომჯარია - მინდა, მოვუსმინო ზაზა სარალიძეს და მივაწოდო კომისიის წევრებს ინფორმაცია, რაც მაქვს
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრა პარლამენტში ზაზა სარალიძის ინიციატივით იმართება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე შეხვედრას ესწრება.
ლომჯარიას თქმით, მას ჰქონდა სურვილი დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ზაზა სარალიძესთან ესაუბრა.
„მქონდა სურვილი, რომ ზაზა სარალიძეს შევხვედროდი, დღეს განვითარებული მოვლენების შემდგომ. როგორც გაირკვა, ის მობრძანდებოდა პარლამენტის შენობაში და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვესაუბრა მიმდინარე მოვლენებზეც და საქმის გამოძიებაზეც. ახლა ვაპირებთ, საგამოძიებო კომისიის უმცირესობის წევრებთან ერთად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაზეც ზაზა სარალიძეს სურს საუბარი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა საქმიანი ხასიათისაა.
„როგორც ვხვდები, ეს არ არის კომისიის შეხვედრა, ეს არის საქმიანი შეხვედრა და მინდა, მოვისმინო რა აქვს სათქმელი ზაზა სარალიძეს და ჩემი მხრიდან მივაწოდო კომისიის წევრებს ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ზაზა სარალიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიიდან „ევროპული საქართველოს“ წევრებს ხვდება.