ზაზა სარალიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს ეცნობა
ზაზა სარალიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს ეცნობა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს ეცნობა. საუბარია ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირად მიმოწერაზე.

ზაზა სარალიძე შსს-ში ადვოკატთან ერთად იმყოფება. როგორც სარალიძის ინტერესების დამცველმა, ნესტან ლონდარიძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, აღნიშნულ მასალებში ყველაზე მთავარია ის მონაკვეთი, როდესაც იგეგმებოდა მკვლელობა. შესაბამისად, ლონდარიძე იმედოვნებს, რომ მიმოწერა მოზარდებს შორის იქნება სრულად წარმოდგენილი.

„დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც აწარმოეს ბავშვებმა დანაშაულის დღეს და დანაშაულის შემდეგ დღეებშიც. ჩვენთვის ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც გავეცნობით მასალებს, გარკვეული ინფორმაცია იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ბავშვებს შორის, რა იგეგმებოდა და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები. ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა მონაკვეთია მიმოწერის გადმოცემული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაზე მთავარია ის მონაკვეთი, როცა იგეგმებოდა ეს მკვლელობა. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება იმ დღის სურათი ბოლომდე გადმოცემული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უმნიშვნელო გახდება შემდეგი დღეების ჩანაწერები, რადგან დაგეგმვა მოხდა სწორედ იმ დღეს. ცნობილია, რომ დაკმაყოფილდა გარკვეული ჯგუფის ჩანაწერების გადმოცემა, საუბარია 4-5 არასრულწლოვნის ჩანაწერზე. მათ შორისაა კალანდიაც“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.