თბილისის მერია ზაზა სარალიძეს თხოვნით მიმართავს, საახალწლო ღონისძიებების გამო, 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის დრო და ადგილი შეცვალოს 
თბილისის მერია ზაზა სარალიძეს თხოვნით მიმართავს, საახალწლო ღონისძიებების გამო, 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის დრო და ადგილი შეცვალოს 

თბილისის მერია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს თხოვნით მიმართავს,  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ცერემონიისა და საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეცვალოს.

აღნიშნული წერილით თბილისის მერიამ ზაზა სარალიძის პირველი ნოემბრის წერილს უპასუხა, რომლითაც სარალიძემ მერიას რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელებისა და კარვების გაშლის შესახებ მიმართა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ტარდება სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები და კონცერტები, რაც შესაბამისად გულისხმობს ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს. კერძოდ, სხვადასხვა სახის ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას“, – აღნიშნულია წერილში.

ღონისძიების სახალხო მნიშვნელობის გათვალისწინებითა და მისი შეუფერხებელი ჩატარების მიზნით, მერია თხოვნით მიმართავს ზაზა სარალიძეს, მხედველობაში მიიღოს აღნიშნული გარემოება და შეცვალოს მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან მის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი.

წერილის საპასუხოდ, დღეს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ თვეზე მეტია აქციას მართავენ, ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მერიის თხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

„ამ წერილით პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლადო. ამ წერილით პირდაპირ გვითხრა ხელისუფლებამ, სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ ნაბიჯებს არ გადავდგამთო”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის შენობის წინ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ყოფნა და პროტესტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო სამზადისთან დაკავშირებულ სამუშაოებსა და ბავშვების გასართობ ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის.