ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს - პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს, თქვენი ბრალია, რომ გაპოლიტიზდა ეს ყველაფერი
ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს - პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს, თქვენი ბრალია, რომ გაპოლიტიზდა ეს ყველაფერი

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე პროცესების პოლიტიზებაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, შეხვედრაზე შვილმოკლულ მშობლებთან ერთადაც მიდის და მედია მხოლოდ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს.

ჟურნალისტებმა სარალიძეს კითხეს ვისთან ერთად აპირებს შეხვედრაზე შესვლას და იქნებიან თუ არა პოლიტიკოსები.

„პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს, შვილმოკლულ მშობლებთან ერთად და პოლიტიკოსებთან ერთად. ჩემთვის საზოგადოება არის საზოგადოება, რას ჰქვია მარტო პოლიტიკოსები, რატომ არ ახსენებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, მარტო პოლიტიკას რომ იძახით ეს ჟურნალისტები, არასწორად იქცევით, თქვენი ბრალია, რომ გაპოლიტიზირდა ეს ყველაფერი. აქ ვართ შვილმოკლული მშობლები, რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარალიძემ.

ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ იმყოფება და აცხადებს, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და ერთი საათი დაელოდება პასუხს.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ცოტა ხნის წინ ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა ზვიად კუპრავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაურეკა ზაზა სარალიძემ და სთხოვა მისულიყო მთავრობის ადმინისტრაციასთან შვილმკვდარ მშობლებთან ერთად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.