ნილს სკოტი - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენაა
ნილს სკოტი - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენაა

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ნილს სკოტის განცხადებით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი ძალიან მნიშვნლოვანი საერთაშორისო მოვლენაა, რომელსაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი გლობალური ინიციატივაა, რომელსაც ამჟამად 93 წევრი ჰყავს, მაგრამ იმისთვის, რომ გახდე მისი წევრი, გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო. ნილს სკოტის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ვერ გახდება.

„საქართველო არის ნამდვილად „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი, ამიტომ ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. საქართველომ უკანასკნელ წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მმართველობის ღიაობისკენ, ეს ეხება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ღიაობას. პარლამენტმა გაატარა ინსტიტუციური რეფორმები და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით გადადგა გარკვეული ნაბიჯი. არ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი ბოლომდე ღიაა, რადგან ჯერ კიდევ არის გასაკეთებელი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებას უფრო გაუადვილდა მასთან ურთიერთობა, უფრო ადვილია ინფორმაციის გამოთხოვა და ა.შ. ასე რომ, ძალიან კარგი ნიშნები შეგვიძლია დავუწეროთ საქართველოს, ძალიან კარგი რეიტინგი აქვს მას ამ პროცესში. მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ჩაიბარა ღია მმართველობის თავმჯდომარეობა საფრანგეთიდან და გადასცემს კანადას. ეს არის ორი ქვეყანა, რომელიც საკმაოდ წარმატებულია მსოფლიოში რეფორმების თვალსაზრისით. საქართველო ნამდვილად კარგ საზოგადოებაშია“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი 75 ქვეყნიდან 2000 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანაა.