ნილს სკოტი - გაერო დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ მდგომარეობას, რაც ტატუნაშვილის ირგვლივ ვითარდება
ნილს სკოტი - გაერო დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ მდგომარეობას, რაც ტატუნაშვილის ირგვლივ ვითარდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალიან დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ მდგომარეობას, რაც ტატუნაშვილის ირგვლივ ვითარდება,- ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს სასწრაფოდ გადმოეცეს.

„ჩვენ მოვითხოვთ გამჭირვალე გამოძიებას, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს და ასევე ორი ადამიანი, რომლებიც ცხინვალში ამ დრომდე რჩებიან, გათავისუფლდნენ“,- განაცხადა სკოტმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.