ნილს სკოტი - საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ
ნილს სკოტი - საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელის ნილს სკოტის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუშაობის დონე დასავლეთის სხვა ქვეყნების მუშაობის დონეს დაუახლოვდება.

„საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას სხვდასხვა მიმართულებით გაერო-ს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი უკვე დიდი ხანი ხელს უწყობენ. დღეს მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ხელი ამ ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სფეროს შევუწყოთ, რომელიც პარლამენტში კვლევითი და ანალიტიკური მომსახურების განვითარებას უკავშირდება. ამ სამსახურის განვითარების შედეგად საქართველოს პარლამენტის მუშაობის დონე დასავლეთის სხვა ქვეყნების მუშაობის დონეს დაუახლოვდება.

ეს პარლამენტის მუშაობისთვის საკვანძო საკითხია, იმიტომ, რომ კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის კარგი ფუნქციონირების შემთხვევაში მუშაობის ხარისხი ხარისხობრივად იზრდება. ასევე, იზრდება პარლამენტარებისთვის მოწოდებული მომსახურეობა და ის ინფორმაციის დონე, რომელსაც ისინი იღებენ.

პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის ამ და სხვა სფეროების ხელშეწყობას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ.