ნილს სკოტი - მედიის სფეროში არსებობს რეგულაციები და კანონები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, მაგრამ მედიის მუშაობა არ უნდა შეფერხდეს
ნილს სკოტი - მედიის სფეროში არსებობს რეგულაციები და კანონები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, მაგრამ მედიის მუშაობა არ უნდა შეფერხდეს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნილს სკოტი ტელეკომპანია „იბერია“-სთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ზოგადად, გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელს უწყობს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას.

„არ მინდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დეტალური კომენტარი გავაკეთო, რადგან ის ჯერ კიდევ ვითარდება და ველოდებით დამატებით ინფორმაციას, მაგრამ ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნამდვილად ხელს უწყობს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას და მის აბსოლუტურ თავისუფალ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

ამასთან, მისი თქმით, მედიის სფეროში, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, არსებობს რეგულაციები და კანონები.

„რა თქმა უნდა, მედიის სფეროში, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში არსებობს რეგულაციები, კანონები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, მაგრამ მედიის ფუნქციონირება და მუშაობა არ უნდა იყოს შეფერხებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას. უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ველოდებით მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.