ნილს სკოტი - შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ჟურნალისტის ნათქვამს, მაგრამ ძალადობა მიუღებელია
ნილს სკოტი - შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ჟურნალისტის ნათქვამს, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნილს სკოტის განცხადებით, ის, რაც გუშინ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია.

მისი თქმით, შესაძლებელია, ჟურნალისტის ნათქვამს დაეთანხმო ან არა, მაგრამ ძალადობა დაუშვებელია.

„შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო იმას, რაც ჟურნალისტმა თქვა, მაგრამ ძალადობას აქ არავითარი ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ასეთი ქმედება მიუღებელია. ჩემი ინფორმაციით, ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ში შიდა პროცედურა მიმდინარეობს და ეს ძალიან კარგია, რომ ეთიკურ საკითხებს ტელევიზია თავად აგვარებს.

ასევე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევას მკაცრ ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს. მედიაში, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მეორეს მხრივ, მედიას, თავისი გარკვეული შეზღუდვები უნდა ჰქონდეს, რეგულაციები რა არის ეთიკური და რა არა. ამის მოგვარება ძალადობრივი გზით ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა გუშინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები.

გუშინვე, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა და არხის სახელით ბოდიში მოუხდა ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც, მისი თქმით, უნებურად შეილახა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებებით. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას მის მიერ ეთერში გამოთქმული შეფასების გამო, საყვედური გამოეცხადა.