ნიკოლოზ სამხარაძე - იმედია, ჩვენი კომუნიკაციის შედეგად პოლიტიკა გადაიხედება და დონორი ორგანიზაციების სათავო ოფისები მეტ ყურადღებას მიაქცევენ, როგორ ნაწილდება დაფინანსება ქვეყნის შიგნით
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედია, ჩვენი კომუნიკაციის შედეგად პოლიტიკა გადაიხედება და დონორი ორგანიზაციების სათავო ოფისები მეტ ყურადღებას მიაქცევენ, როგორ ნაწილდება დაფინანსება ქვეყნის შიგნით

იმედი გვაქვს, ჩვენი კომუნიკაციის შედეგად პოლიტიკა გადაიხედება და დონორი ორგანიზაციების სათავო ოფისები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, როგორ ნაწილდება დაფინანსება ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ პროექტებთან დაკავშირებით გვაქვს ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან და დავსვით კითხვები ამასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში არის ასეთი ინფორმაცია, რომ სათავო ოფისებმა საერთოდ არ იციან ამის შესახებ, ხშირ შემთხვევაში ეს ადგილობრივი წარმომადგენლობების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებებია. თუმცა, თავისთავად, ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს პარტნიორულ ურთიერთობებს და აზიანებს იმ დონორი ორგანიზაციების იმიჯს, რომლებსაც უამრავი კარგი საქმე აქვთ საქართველოსთვის გაკეთებული“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამ განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „რა ეტაპზეა გამოძიება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც სუს-ი აწარმოებს? უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში არეულობის მოსაწყობად ტრენინგებს ატარებდნენ“.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გაუგებრობების თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება სრული გამჭვირვალობა და ღიაობაა.

„ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, როგორც კონკრეტული ქვეყნების ელჩებთან, ასევე კონკრეტული დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. როდესაც გამჭვირვალობა იქნება და არა მარტო პარლამენტს და ხელისუფლებას, არამედ ზოგადად საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია, რას ხმარდება ესა თუ ის თანხა და რისთვის არის გამოყოფილი, მართლა ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად არის თუ სხვა რაღაც მიზნებისთვის, შემდეგ კითხვის ნიშნებიც მოიხსნება, აღარ იქნება საჭირო ამის საჯარო სივრცეში გადმოტანა და კითხვების დასმა. ამიტომ, ამის ყველაზე კარგი გასაღები არის გამჭვირვალობა, ღიაობა და ამას ვითხოვთ ჩვენ, მეტს არაფერს“, – განაცხადა სამხარაძემ.

შეკითხვაზე, – „იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ის მხრიდან თითქოს რამე ტიპის განმარტება არ ყოფილა, რა ტიპის ღიაობას ელოდება პარტნიორებისგან ხელისუფლება?“ – ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პარტნიორებს ამ საკითხებზე ესაუბრება და მათი მხრიდან ღიაობის მოლოდინი აქვს.

„მაგალითად, ავიღოთ იგივე ჯარიმების გადახდის საკითხი, როდესაც პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს გადაცდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მანიფესტაციების და დემონსტრაციების დროს, რომელიღაც კონკრეტული დონორი ორგანიზაციის ფულით ადგილობრივი არასამთავრობო უხდის ჯარიმებს. ეს, თავისთავად, თავშივე არის მიუღებელი. ჯარიმები დაწესებულია, რათა მას პრევენციული ხასიათი ჰქონდეს და ადამიანმა იცოდეს, რომ თუ რაღაც ჩარჩოში რაღაცას დააშავებს, ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო თუ იმ ჩარჩოს მიღმა დააშავებს, შეიძლება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. როდესაც შენ ადამიანს ეუბნები, მიდი, შენ დააშავე, რაც გინდა, ის გააკეთე და ამაში მე ფულს გადაგიხდი, ანუ შენ ამასთან დაკავშირებით ფინანსური წუხილი არ გქონდეს, ეს პირდაპირი წახალისებაა. დაახლოებით, იგივეა, რომელიმე დონორი ორგანიზაცია რომ გამოვიდეს და თქვას, ნებისმიერ ქართველ მძღოლს, რომელიც წითელზე გაივლის, ჩვენ გადავუხდით ჯარიმას. ასე რა მოხდება ამ ქვეყანაში? ყველა დაიწყებს დარღვევას, რადგან ექნება იმედი, რომ ჯარიმა მას არ ექნება გადასახდელი. ეს, თავისთავად, სახელმწიფოებრივი წესრიგის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ამას ვეუბნებით. შეიძლება, არასამთავრობოს მხრიდან ამას ერქვას რაღაც უწყინარი სახელი, მაგალითად, დემოკრატიის გაძლიერება თუ სხვა, მაგრამ შემდეგ რომ ჩაშლი, იმ დემოკრატიის გაძლიერებაში რა იგულისხმება, შეიძლება, იყოს ასეთი რამ, რომ ვიღაც დემონსტრანტს, რომელმაც ადმინისტრაციული გადაცდომა ჩაიდინა, ჯარიმას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს კი, თავისთავად, არის არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოებრივი წესრიგის წინაღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.