ნიკოლოზ სამხარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რა მოხდა პარალელურ კვლევასთან დაკავშირებით, ეს იყო მანიპულაცია, თუ უბრალოდ შეცდომა
ნიკოლოზ სამხარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რა მოხდა პარალელურ კვლევასთან დაკავშირებით, ეს იყო მანიპულაცია, თუ უბრალოდ შეცდომა

არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რა მოხდა პარალელურ კვლევასთან დაკავშირებით, ნათელი უნდა მოეფინოს, ეს იყო მანიპულაცია, თუ უბრალოდ შეცდომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შეცდომის ამოცნობას, რომელიც ორგანიზაციამ დაუშვა, მეხუთე კლასელი მოსწავლეც კი შეძლებდა.

„ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რომ ელენე ნიჟარაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ჩვენ „ისფედთან“ ვთანამშრომლობდით მათ შორის „საარჩევნო კოდექსის“ რეფორმირების დროსაც. მე იმ შეხვედრაზე ვიყავი, როდესაც ჩვენ ქალბატონ ელენეს შევხდით. მას მაშინვე რომ გაეთვალისწინებინა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, რომ იქ აშკარად არის რაღაც მარტივი შეცდომა ფორმულაში, შეიძლება, ის ისევ ყოფილიყო „ისფედის“ ხელმძღვანელი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რა მოხდა ამ პარალელურ კვლევასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს მხოლოდ „ისფედის“ პრობლემა არ არის. ამან შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ზოგადად არასამთავრობო სექტორის სანდოობას. ეს ისეთი შეცდომა არ არის, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის ცოდნა სჭირდება. ნებისმიერი მეხუთე-მეექვსე კლასელი მოსწავლე, რომელსაც პროცენტები ნასწავლი აქვს, შეძლებდა ამოეცნო, სად იყო პრობლემა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას ნათელი მოეფინოს – ეს იყო მანიპულაცია, წინასწარ შეცნობით გააკეთა ვიღაცამ, თუ უბრალოდ შეცდომა იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული მცდარი მონაცემები ხელს აძლევდა რადიკალურ ოპოზიციას, რომელმაც ეს ინფორმაცია არჩევნების გაყალბების არგუმენტად წარმოადგინა.

„ჩვენ ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა იმდენად ნათელი იყო, რომ ეს შეცდომა იყო, რომ ამის გადამოწმება შეიძლებოდა იმავე დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს და ამას არ უნდა დასჭირვებოდა არც აუდიტი და ერთთვიანი პროცედურა. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ ერთმა ან ორმა ადამიანმა სპეციალურად შეცვალა ფორმულა. ამის თქმის უფლება არ მაქვს, მე არ ვარ არც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, ძალიან კარგად გამოჩნდა პროცესების დასრულების შემდეგ, როდესაც „ისფედის“ ეს პარალელური დათვლის შედეგები ხელზე დაიხვია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც ვითომ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისივე განცხადებით, მცდარია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება, თითქოს ეს მონაცემები მანდატების განაწილებაზე გავლენას არ ახდენდა.

„ესეც არ არის მართალი. ოთხ მანდატზე ახდენდა ცვლილებას იმიტომ, რომ ზედა ჩამკეტი არსებობს, რაც ასევე „ისფედმა“ არ გაითვალისწინა, როდესაც ეს განცხადება გამოაქვეყნა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა “ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა