„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა  - ხმების დათვლისას ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება 
„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა - ხმების დათვლისას ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება 

„სამართლიანი არჩევნები“ დღეს ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

„სამართლიანი არჩევნების“ ოფისში გაიმართა საზოგადოების გამგეობის ბრიფინგი, სადაც გამგეობის წევრებმა ბაია პატარაიამ და თამარა სართანიამ წარადგინეს მოკვლევის ანგარიში და გამგეობის რეკომენდაციები სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მთელ პროცესზე, მათ შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების საშუალებით. ორგანიზაციის მიერ არჩევნებზე დაკვირვების ერთ-ერთი ინსტრუმენტია ხმების პარალელური დათვლა (PVT), რომელსაც ISFED-ი ყველა ეროვნული მნიშვნელობის არჩევნებზე 2003 წლიდან ახორციელებს. PVT მეთოდოლოგია გულისხმობს მოკლევადიანი დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევით შერჩეულ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმომადგენლობით საარჩევნო უბნებზე და მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას. PVT მეთოდოლოგია უზრუნველყოფს დაკვირვებას არჩევნების დღის მთელ პროცესზე და დარღვევების გამოვლენას, ასევე კენჭისყრის შედეგების სწრაფ გადაცემას PVT-ის მონაცემთა ცენტრში და დამუშავებას.

2020 წლის პირველ ნოემბერს ISFED-მა გამოაქვეყნა PVT-ის წინასწარი შედეგები, რომელიც სამი პარტიის შემთხვევაში აცდენილი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ შედეგებს (აცდენა იყო სხვა პარტიების შედეგებშიც, თუმცა ცდომილების ზღვარის ფარგლებში). ნოემბრის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა აუდიტის პროცესმა აღმოაჩინა, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმების დათვლის ფორმულაში იყო ხარვეზი, კერძოდ – დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც. ხარვეზის გასწორების შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა. განცხადება დაზუსტებული შედეგების შესახებ ISFED-მა 11 დეკემბერს გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დამატებითი კითხვები მოჰყვა. კითხვები დაისვა ორგანიზაციის მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, ასევე გამოითქვა ISFED-ზე და მის აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ვარაუდები. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ორგანიზაციის მრავალწლიანი რეპუტაცია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ISFED-ის გამგეობის წევრის მოთხოვნით, 12 დეკემბრის საგანგებო სხდომაზე ორგანიზაციის გამგეობამ კენჭისყრით დაამტკიცა ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ცდომილების მიზეზის მოკვლევის კომისია.

კომისიის მიზანი იყო, შეესწავლა ISFED-ის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელებული PVT-ის დროს დაშვებული სავარაუდო ხარვეზის მიზეზები და პრობლემის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

კომისიამ მოკვლევა ჩაატარა 12-20 დეკემბრის შუალედში. ამ ხნის განმავლობაში კომისია გაესაუბრა ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, PVT-ის პროცესში ჩართულ თანამშრომლებს, ISFED-ის ზედა და საშუალო რგოლის მენეჯმენტს, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ერთ-ერთ ექსპერტს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 2020 წლის PVT-ის პროცესში. კომისიამ ასევე შეისწავლა ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციაში არსებული დოკუმენტაცია.

კომისიის მოკვლევის შედეგები: ISFED-ი ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებს ყველა ეროვნული დონის არჩევნებზე 2003 წლიდან. ამასთანავე, PVT-ის მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც და წლიდან წლამდე ხდება ამ მეთოდოლოგიის დახვეწა – მათ შორის ISFED-ის და სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. ISFED-ს PVT-ს ჩატარებაში ტექნიკურ დახმარებას NDI უწევს. ეს დახმარება 2020 წლის არჩევნებისთვის მოიცავდა PVT-ის განხორციელებისა და ანალიზის მხარდაჭერას, მათ შორის არჩევნების დღისთვის SMS და ინციდენტების ბაზების მომზადებას, ასევე, არჩევნების დღეს PVT ცენტრის და მონაცემთა ბაზების მართვას, მიღებული მონაცემების დამუშავებას და ანალიზს ISFED- თან ერთად.

კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ SMS და ინციდენტების ბაზის განახლება ხდება NDI-ის ექსპერტების მიერ ISFED-თან განხილული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება, მაგალითად, კონკრეტულ ქვეყანაში ხმების დათვლის ფორმულის დაზუსტება, ასევე საარჩევნო პროცესში უზუსტობების დამდგენი ლოგიკური ამოცანების შედგენა (მაგალითად, დისბალანსი ოქმებში, უზუსტობა ამომრჩეველთა აქტივობაში და ა.შ.).

კომისიამ დაადგინა, რომ ISFED-მა NDI-ის ექსპერტებს წერილობით მიაწოდა ლოგიკური შეცდომების ნუსხა, თუმცა ეს ნუსხა არ შეიცავდა კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების დათვლის ფორმულას. თუმცა კომისიამ უტყუარად ვერ დაადგინა, განხილული იყო თუ არა ბათილი ბიულეტენების დათვლის საკითხი ზეპირი შეხვედრების დროს. უშუალოდ არჩევენების დღემდე PVT-ის სმს და ინციდენტების ბაზის გამოცდის მიზნით ISFED- ი ატარებს არჩევნების დღის სიმულაციას. თუმცა ეს პროცესი არ მოიცავს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის სიმულაციას. შესაბამისად, კომისიისთის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, PVT-ის ტესტირების პირობებშიც კი ISFED-ი ვერ აღმოაჩენდა შეცდომას ხმების დათვლის ფორმულაში.

კომისიამ ასევე განიხილა PVT-ის სოფტში ცვლილებების არაკეთილსინდისიერად განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა კომისიამ ვერ მოიკვლია ამის მიმანიშნებელი ერთი ფაქტიც კი – შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საუბარი სცენარზე, თითქოს PVT-ის მონაცემების აცდენა ცესკოს მონაცემებთან წინასწარ იყო დაგეგმილი, უსაფუძვლოა.

ჩატარებული გასაუბრებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის  ექსპერტებს. ამასთანავე, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დაშვებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად ფორმულაში აღმოჩენილი შეცდომის შესახებ ISFED-ის შიგნით მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ იცოდნენ. მათი თქმით, ორგანიზაციის მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, თუმცა – ვინაიდან ცდომილება იყო მაქსიმუმ 1.7% და მათი აზრით, არ ახდენდა გავლენას მანდატების განაწილებაზე  – განცხადების გამოქვეყნება აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაიდო, როცა ასევე ყველა სხვა შესაძლო მონაცემი გადამოწმდებოდა. მოგვიანებით, აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, PVT-ის საბოლოო შედეგები საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულიყო. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 9 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში PVT-ის შედეგებით მანიპულირებს.

ამასთანავე, 11 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის შესახებ. ამის საპასუხოდ, აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნების შესახებ. კომისიას მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ გაითვალისწინა არსებული პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, რითიც რისკის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის რეპუტაცია და, ზოგადად, PVT-ის მეთოდოლოგიის სანდოობა. ამასთანავე, კომისიის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არ იკვეთება აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ან დაშინების მცდელობა, რაც მას ამ ინფორმაციის დამალვას აიძულებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღევანდელ ბრიფინგზე პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

დატოვე კომენტარი