ნიკოლოზ გაგუა - მცირე მთავრობის კონცეფცია ვინმეს სახლში გაშვებას არ გულისხმობს
მნიშვნელოვანია, ოპონენტებმა გააცნობიერონ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის შემცირება ერთმანეთთან დაკავშირებული მცნებები არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული ელემენტარული ეკონომიკის მცოდნესთვისაც ცნობილი და გასაგები უნდა იყოს.
„გაუგებარია, რატომ ხდება ამ ორი მცნების დაკავშირება. როდესაც ჩვენ მცირე მთავრობაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უფრო ეფექტიან მთავრობაზე, რომლის შენახვა ეკონომიკას უფრო ნაკლები უჯდება. მცირე მთავრობის კონცეფცია არანაირად არ გულისხმობს ვინმეს სახლში გაშვებას. სამწუხაროა, რომ ასეთი დარღვევები ხდება. უფრო მეტიც, მცირე მთავრობის კონცეფცია, მათ შორის, ეყრდნობა პრინციპს, რომ საჯარო მოხელე უნდა იყოს დაფასებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, ხარჯის შემცირების საკითხი განმარტა, რომელიც დღეს მშპ-სთან მიმართებაში 4.3 პროცენტზეა, ხოლო 2019 წელს 3.9 პროცენტამდე უნდა შემცირდეს.
„როდესაც ვსაუბრობთ მცირე მთავრობის კონცეფციაზე, მთავრობის ზომის ერთ-ერთი სწორი ინდიკატორი არის ხელფასების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, ანუ ეკონომიკის მთლიან მაჩვენებელთან. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელს გვქონდა 4.5 პროცენტზე. ახლა გვაქვს დაახლოებით 4.3 პროცენტი, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია მისი შემცირება 3.9 პროცენტამდე. ანუ დაახლოებით – 0.4 პროცენტით შემცირება. მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი 40 მილიარდია, ეს არის დაახლოებით 160-200 მილიონით შემცირება“, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
მისი შეფასებით, 3.9 პროცენტი მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია, დაახლოებით ამდენივე აქვს სინგაპურსაც.
„ასევე, ეს იქნება ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ბოლო 17-15 წლის განმავლობაში. ანუ 2003 წლის შემდეგ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, თან იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასების მოცვა საბიუჯეტო სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდილია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სსიპ-ების და აიპ-ების შემცირება, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ხარჯის შემცირება დინამიური და აქტიური პროცესია, რომელიც მექანიკურად არ უნდა მოხდეს და ოპტიმიზაციის მიზანი, სწორედ ეს არის.
„მცირე მთავრობის კონცეფცია არამარტო ზომის შემცირებას ითვალისწინებს, არამედ ამავდროულად, მთავრობა უნდა იყოს ეფექტიანი და ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო სექტორის მოხელეებს ესმოდეს, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის იქმნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტროს და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება. ამჟამად, მთავრობის სტრუქტურაში 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატია.