ლევან დავითაშვილი - გვაქვს კომპლექსური პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის განვითარების მიმართულებებს უკავშირდება
ლევან დავითაშვილი - გვაქვს კომპლექსური პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის განვითარების მიმართულებებს უკავშირდება

გვაქვს კომპლექსური პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის განვითარების მიმართულებებს უკავშირდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, კომპლექსური პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის განვითარების მიმართულებებს უკავშირდება. ეს ძირითადი მიმართულებები ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტშია განსაზღვრული. ერთი ეს გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამაა, რომელიც შემდეგი სამი წლისთვის საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. მეორე სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაა.

ეს კომპლექსური დოკუმენტებია, რომელიც ჩვენს პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. აქცენტები მათ შორის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა სწრაფ ზრდაზე, რომელიც ინკლუზიური ზრდა იქნება. შესაბამისად, ჩვენს პროგრამებშიც აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ეთანხმება თუ არა ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ქობულიას, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სოფლის და რაიონის განვითარებას.

„აქ ჩვენი პოზიციებში აბსოლუტური სინქრონი არსებობს და ორივე სამინისტროს პოზიციები თანხვედრაშია. ჩვენ დღეისთვის უფრო მეტი მოსახლეობა გვყავს სოფლად დასაქმებული, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებშია. ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების პარალელურად, რაზეც ახალი ახალმა მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი შეგვიმცირდება. თუმცა ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში მეტი ეფექტიანობა გვქონდეს და სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენასა და სამთავრობო პროგრამის განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს. მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდება. პარლამენტში უკვე მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.