მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენასა და სამთავრობო პროგრამის განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს
მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენასა და სამთავრობო პროგრამის განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობის მოსმენასა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს, დილის 10:00 საათიდან იწყებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, 10:00 საათზე ორი პარალელური გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

ხუთი კომიტეტის, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტები მოუსმენენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მოქმედ მინისტრებს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მოქმედ სახელმწიფო მინისტრს.

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მოქმედ მინისტრებს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

11:00 საათზე საქართველოს პარლამენტში კიდევ ორი პარალელური საკომიტეტო მოსმენა დაიწყება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მოქმედ მინისტრს.

ასევე, 11:00 საათზე მეორე გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს მოუსმენენ.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, შემდეგ იწყება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. 12:00 საათზე მოსმენა გაიმართება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“, 13:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობასთან“, 14:00 საათზე უმცირესობასთან, 15:30 საათზე კი უმრავლესობასთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა, რომლშიც სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრად  ივანე მაჭავარიანი.