ლევან იზორია - მომავალ წელს გაიმართება უფრო ფართო მასშტაბის წვრთნა ნატო-სთან ერთად, ვიდრე 2016 წლის მიწურულს იყო
ლევან იზორია - მომავალ წელს გაიმართება უფრო ფართო მასშტაბის წვრთნა ნატო-სთან ერთად, ვიდრე 2016 წლის მიწურულს იყო

ნატო-ს ბრიუსელის სამიტმა მიიღო მნიშვნელოვანი დეკლარაცია, ერთი სამიტის, მეორე ნატო-საქართველოს კომისიის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც იზორიამ განმარტა, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზებისა და რეფორმების პროცესთან დაკავშირებით.

„ითქვა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, განსაკუთრებით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ მთავარი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ადეკვატურ დაფინანსებას. ეს იყო სამიტის ერთ-ერთი მწვავე თემა. კერძოდ ის, რომ ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ ერთი მოწინავე პარტნიორი ქვეყანა ნატო-სთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, ეს მოთხოვნა 2024 წელს შესრულდეს“,-განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, ყველა წევრმა ქვეყანამ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა.

„ეს გამოიხატება მათ შორის დეკლარაციაში გაცხადებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების ინიციატივაზეც. კერძოდ, საუბარია ახალი ინიციატივების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება, საუბარია ასევე უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემის მიმართულებით. რაც მთავარია, ერთობლივი წვრთნების ჩატარების დაგეგმვაზე, რომელიც მომავალ წელს გაიმართება უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე 2016 წლის მიწურულს გაიმართა“, – განმარტა ლევან იზორიამ.