ნიკოლოზ გაგუა - „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის
მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელსაც სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ უსვამს ხაზს; ეს არის მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც რეალურად განაპირობა ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევების გამო მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად – „BB“ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის.
„პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch“-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.