ნიკოლოზ გაგუა - მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული
ნიკოლოზ გაგუა - მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული

მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერთან, გოგა მელიქიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველს.

„ჩვენი აქტივის მართვის სისტემა ეყრდნობა ორ პრინციპს: პირველი, ეს არის აქტივების მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული; ხოლო მეორე – აღნიშნულ პროცესში უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტური ზედამხედველობა. ჩვენ მოწვეული გვყავს საინვესტიციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო დონის მაღალი პროფესიონალები, ამ საქმეში გამორჩეული გამოცდილების ხალხი. დაგროვებითი საპენსიო სისტემა – ეს არის მონაწილის დანაზოგი, მისი საკუთრება და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ეს დაიწყო მიმდინარე თვეს, როცა მონაწილეს პორტფელების არჩევა შეუძლია.

ფრაზა „მიიღეთ აქტიური საინვესტიციო გადაწყვეტილება”, გვინდა, უფრო პოპულარული გავხადოთ. ეს არის მთავარი პრინციპი დაგროვებითი საპენსიო სისტემის და გადაწყვეტილების მიღება იქნება არა გარკვეულ ვადასთან დაკავშირებული, არამედ ადამიანს შეეძლება, შეცვალოს თავისი საინვესტიციო გადაწყვეტილება სურვილის მიხედვით“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე თქმით, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული.

„ზედამხედველობის მიზანია, მოსახლეობის საპენსიო აქტივების და მათი შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა მისაღები რისკების ფარგლებში. ჩვენი მიზანია, სისტემის მონაწილეების საპენსიო ასაკისათვის დაგროვილი თანხების მაქსიმალურად ეფექტური ზრდა“, – განაცხადა გაგუამ.