ნიკოლოზ გაგუა - საერთაშორისო პრაქტიკა, 5-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ მოხდება საპენსიო აქტივების ზრდა, არ დგას საფრთხე, მონაწილემ ვერ აიღოს შენატანი
ნიკოლოზ გაგუა - საერთაშორისო პრაქტიკა, 5-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ მოხდება საპენსიო აქტივების ზრდა, არ დგას საფრთხე, მონაწილემ ვერ აიღოს შენატანი

ყველა საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენი 5-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ მოხდება საპენსიო აქტივების ზრდა, არანაირად იმის რისკი არ დგას, რომ მონაწილემ ვერ აიღოს შენატანი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერთან, გოგა მელიქიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, ყველა კომპანია, რომლებშიც საპენსიო აქტივის ინვესტირება განხორციელდა საპენსიო სააგენტოს მიერ, ის ორგანიზაციებია, რომლებიც ხდებიან დაშვებული საკრედიტო რეიტინგის ფარგლებში.

„დაისვა კითხვა, რომ იქნებ მე არ მინდა რომელიმე კონკრეტული ფასიანი ქაღალდი? ამ თემასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფასიანი ქაღალდების შერჩევა, ბუნებრივია, ვერ შეიძლება, მონაწილის პრეროგატივა იყოს. ეროვნული ბანკი აწესებს მინიმალურ საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნას, ამიტომ ეს საკრედიტო რეიტინგი, ბუნებრივია, შეფასებულია საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების მიერ. ყველა ის კომპანია, რომელშიც ინვესტირება განხორციელდა საპენსიო სააგენტოს მიერ, ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ხდებიან დაშვებული საკრედიტო რეიტინგის ფარგლებში.

იყო ასეთი კითხვაც, დაიკარგება თუ არა დანაზოგები? მინდა, მკაფიოდ გიპასუხოთ, რომ ყველა საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენი 5 წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ მოხდება აღნიშნული აქტივების ზრდა. არანაირად იმის რისკი არ დგას, რომ მონაწილემ ვერ აიღოს შენატანი. რისკიანობა არის ის, რომ დავიცვათ ადამიანი, რომელიც უახლოვდება საპენსიო ასაკს, რათა პენსიაზე გასვლის დროს არ მოხდეს მისი აქტივების ღირებულების შემცირება. აი, ამ რისკის დაცვას ითვალისწინებს დაბალრისკიანი პორტფელი“, – განაცხადა გაგუამ.