ნიკარაგუის ხელისუფლებამ რეგისტრაცია გაუუქმა 1 500 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა შორის ასობით რელიგიური, უმეტესად, ქრისტიანული ჯგუფია
ნიკარაგუის ხელისუფლებამ 1500 არასამთავრობო ორგანიზაციას რეგისტრაცია გაუუქმა. ორგანიზაციებს ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
დახურულ ორგანიზაციებს შორის ასობით რელიგიური, უმეტესად, ქრისტიანული ჯგუფია, ასევე ჯანდაცვის, სპორტის, ქალთა და ლგბტ თემის საკითხებზე მომუშავე გაერთიანებები.
ივნისში გაერო-მ ნიკარაგუაში შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. ორგანიზაციის ცნობით, სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ რეპრესიების შედეგად მარტის შემდეგ, სულ მცირე, 35 ადამიანი დააკავეს.
„ჰიუმან რაითს ვოტჩის“ ცნობით, ნიკარაგუას პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას ხელისუფლების წინააღმდეგ 2018 წელს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს უსაფრთხოების ძალებმა ასობით ადამიანი მოკლეს და დააკავეს, ათობით ათასმა ნიკარაგუელმა კი ქვეყანა დატოვა.