ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ნიკარაგუას მთავრობის წევრებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს
ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ნიკარაგუას მთავრობის წევრებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით, ნიკარაგუას მთავრობის წევრებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გადავწყვიტე, შეერთებული შტატების ინტერესებშია, შეზღუდოს და შეაჩეროს აშშ-ში ემიგრანტებისა და არაემიგრანტების სახით, ნიკარაგუას მთავრობის წევრების შესვლა. მათ შორის პრეზიდენტ დანიელ ორტეგასა და მისი მეუღლე – ვიცე-პრეზიდენტ როსარიო მურილოს მეთაურობით, რომლებიც ავითარებენ, ახორციელებენ ან სარგებლობენ იმ პოლიტიკით ან ქმედებებით, რომლებიც ძირს უთხრის ან აზიანებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ან აფერხებს დემოკრატიის დაბრუნებას ნიკარაგუაში“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორტეგას მთავრობისა და მისი მხარდამჭერების რეპრესიული და ძალადობრივი ქმედებები აიძულებს ოფიციალურ ვაშინგტონს, იმოქმედოს ამგვარად. დამატებით, ბაიდენმა ნიკარაგუას წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა.