ნიგერიაში „ბოკო ჰარამის" მებრძოლებმა ტყვეობიდან 76 გოგონა გაათავისუფლეს
ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფების, „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა ტყვეობიდან 76 გოგონა გაათავისუფლეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიგერიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია მოსწავლე გოგონებზე, რომლებიც ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან 2018 წლის თებერვალში გაიტაცეს.
როგორც გატაცებული გოგონების მშობლების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ბაშირ მანზო ამბობს, ბავშვები დილით სკოლასთან ცხრა ავტომობილით მიიყვანეს. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ ისლამისტმა მებრძოლებმა თავიანთ ქმედებებს გაფრთხილება უწოდეს და ადგილობრივ მოსახლეობას მოსთხოვეს, გოგონები სკოლაში აღარ ატარონ.
2014 წლის აპრილში ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ტერორისტები ჩიბოკის სკოლას დაესხნენ თავს და 276 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. მათგან 57-მა გაქცევა შეძლო, 97 კი მოგვიანებით, სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. 100-ზე მეტი გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ტერიტორიაზე შარიათის დაწესებისა და დასავლური განათლების წინააღმდეგ იბრძვის.