ნეანდერტალებს ჩვენს მსგავსად ჰქონდათ სისხლის ჯგუფები — საოცარი აღმოჩენა #1tvმეცნიერება
ნეანდერტალების გენომის ახალი ანალიზის მიხედვით, სისხლს, რომელიც ამ დიდი ხნის წინ გადაშენებულ არქაულ ადამიანთა ძარღვებში ჩქეფდა, იმაზე მეტი საერთო ჰქონდა თანამედროვე ადამიანების სისხლთან, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ყველა ნეანდერტალს O ჯგუფის სისხლი (საბჭოური სისტემის მიხედვით პირველი ჯგუფი) ჰქონდა; სამი ნეანდერტალი ინდივიდის წარსულში სეკვენირებულ გენომთა ახალი კვლევა, მათ სისხლში პოლიმორფულ სახესხვაობებზე მიანიშნებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ABO სისტემის სისხლის სხვა ჯგუფებიც ჰქონდათ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეანდრტალების სისხლი მხოლოდ O ჯგუფით არ იყო წარმოდგენილი, როგორც ეს წინა ანალიზებით დასტურდებოდა და მათ A და B ჯგუფის (ძველი სისტემით მეორე და მესამე ჯგუფი) სისხლიც ჰქონდათ.
აღმოჩენა ეფუძნება სამი ნეანდერტალი ინდივიდის (და ერთი დენისოველის) გენეტიკურ თანმიმდევრობებში გამოვლენილ სისხლის ჯგუფის სხვადასხვა ალელებს (გენის ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმა); როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ იმალებოდა, რადგან როგორც ახალი აღმოჩენის ავტორ მკვლევართა ჯგუფი მიუთითებს, რომ დნმ-ის ანალიზის ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის მიუხედავად, სისხლის ჯგუფების ასეთი კვლევები დიდწილად უგულებელყოფილია.
„სისხლის წითელი უჯრედების ჯგუფები მძლავრი ანთროპოლოგიური მარკერებია. საინტერესოა, რომ მნიშვნელობისა და თანამედროვე ადამიანების შესახებ ხელმისაწვდომი გენოტიპური მონაცემების სიუხვის მიუხედავად, პალეოგენეტიკურ კვლევებში ყურადღება თითქმის არ ექცეოდა სისხლის წითელი უჯრედების მთავარ პოლიმორფიზმებს“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგი სილვანა კონდემი ხელმძღვანელობდა.
მკვლევართა განცხადებით, ABO აღმოჩენების გარდა, გენები, რომლებიც ამ არქაულ ადამიანებში სისხლის ჯგუფებს უდევს საფუძვლად, ამყარებს ხედვას, რომ ნეანდერტალები და დენისოველები აფრიკის გარეთ გაჩნდნენ — მათ სისხლში გარკვეული ანტიგენების არარსებობისა და აფრიკის პოპულაციებთან დაკავშირებული წინაპრების სისხლის ჯგუფების არსებობის გამო.
„ეს მახასიათებლები თანხმობაშია ნეანდერტალებისა და დენისოველების გენოფონდთან, რომელიც წინ უსწრებს ჰომო საპიენსის აფრიკიდან გამოსვლას“, — წერენ მკვლევრები.
სხვა გენეტიკური მინიშნებები მეტყველებს გაცილებით გვიანდელ დროზე, მათ შორის არის RHD გენის ალელი (რომელშიც ცილაა ჩაშიფრული სისხლის რეზუს-ფაქტორის ჯგუფების სისტემაში), რომელიც თანამედროვე ადამიანებში არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ორ ამჟამინდელ ინდივიდთა ჯგუფს: აბორიგენ ავსტრალიელებსა და აბორიგენ პაპუასებს.
მკვლევართა აზრით, ეს იდუმალი კავშირი ნეანდერტალებსა და ჰომო საპიენსებს შორის მიმდინარე შეჯვარებათა მტკიცებულება, თანაც იქამდე, ვიდრე ჰომო საპიენსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ გადაინაცვლებდა.
რაც შეეხება იმას, თუ რა გახდა მოგვიანებით ნეანდერტალთა დაცემის მიზეზი, ახალ კვლევას გარკვეული იდეები ამ მიმართულებითაც აქვს.
მკვლევართა აზრით, სამი ნეანდერტალისა და ერთ დენოსოველი ინდივიდის არქაულ გენებში არსებული დიდი ოდენობით საერთო ალელი დაბალ გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე მიუთითებს, რაც სავარაუდოდ, ნეანდერტალთა შემთხვევაში დაკავშირებულია ინბრიდინგთან (ახლონათესაურ შეჯვარებებთან).
ამას გარდა, ნეანდერტალთა სისხლში გენეტიკურ ვარიანტების არსებობის გამო, ისინი სავარაუდოდ უფრო დაუცველნი უნდა ყოფილიყვნენ ახალშობილთა ჰემოლითური დაავადების (HDFN) მიმართ; ეს გახლავთ ალოიმუნური მდგომარეობა, როდესაც დედის იმუნური სისტემა მუცლადმყოფი ნაყოფის სისხლი უჯრედებს ესხმის თავს.
„ნეანდერტალების გადაშენებაში ამ ელემენტთა კომბინაციასაც უნდა შეეტანა წვლილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯომო საპიენსებთან ეკოლოგიური ნიშისთვის კონკურენციაზე“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.