ნაზი ჯანეზაშვილი - პარადოქსია, როდესაც კონკურსის შემდეგ სასამართლო სისტემაში ისევ რჩება 44 ვაკანსია
ნაზი ჯანეზაშვილი - პარადოქსია, როდესაც კონკურსის შემდეგ სასამართლო სისტემაში ისევ რჩება 44 ვაკანსია

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა კონკურსი 43 ვაკანსიაზე, დღეისთვის ისევ გვაქვს 44 ვაკანსია, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, იუსტიციის საბჭომ, რამდენიმე თვის წინ კონკურსი 43 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა, კონკურსის გაჭიანურების გამო ზოგიერთ მოსამართლეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ზოგი სხვა თანამდებობაზე გადაინიშნა, ვაკანსიების რაოდენობა კი, გაიზარდა.

ჯანეზაშვილის თქმით, პარადოქსია, როდესაც ჩატარებული კონკურსის შემდეგ სასამართლო სისტემაში, ისევ რჩება 44 ვაკანსია.

საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, კიდევ ერთი პრობლემა  არის ე.წ. „გარედან შემოსული” კადრები, რადგან კონკურის დასრულების შემდეგ, ირკვევა, რომ მათი რაოდენობა მხოლოდ ხუთია, საიდანაც ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი, იუსტიციის სკოლის მსმენელია. მისი ინფორმაციით, დღეს სწორედ აღნიშნული სამი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

„გვაქვს ძალიან პარადოქსული ვითარება. დღე გამოვითხოვე ინფორმაცია შესაბამისი დეპარტამენტისგან და მივიღე ასეთი სტატისტიკური ინფორმაცია, რომ რეალურად 43 ვაკანსიაზე ჩვენ გვქონდა გამოცხადებული კონკურსი, საბჭომ გარედან შეარჩია ხუთი ადამიანი, დანარჩენი უკვე შიგნით გადაინიშნა უვადოდ ან გადავიდა სხვა სასამართლოში და დღეს გვაქვს ისევ 44 ვაკანსია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საბჭოს აქვს არაერთგვაროვანი, არასერიოზული, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც ნიშნავს და იწვევს იმას, რომ მოსამართლეები არიან დატვირთულ რეჟიმში, ხოლო ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ მართლმსაჯულებას სათანადო დროში”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეცვალოს დღეს არსებული პრაქტიკა და კარი გაუხსნას გარედან შემოსულ კადრებს, რომ კონკურს არ ჰქონდეს ფორმალური სახე.