ნავთობის ფასი დაეცა
ნავთობის ფასი დაეცა

მას შემდეგ, რაც ორშაბათს ჩინეთმა განაცხადა, რომ ამერიკული ნავთობის იმპორტზე ტარიფებს დააწესებს, ნავთობის ფასი დაეცა.

ფასის ვარდნას ხელი ოპეკისა და რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინმაც შეუწყო ხელი.

ორშაბათს ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის მაქსიმუმზე დაეცა და ბარელზე 63 დოლარი და 59 ცენტი შეადგინა. მოგვიანებით ფასი 64 დოლარზე დაფიქსირდა და ვარდნა ფაქტობრივად დოლარი და 6 ცენტი გამოვიდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 36 ცენტით შემცირდა და ბარელზე 73 დოლარი და 8 ცენტზე დადგა.

ფასის ვარდნას ანალიტიკოსები ერთის მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვით ხსნიან. როგორც ცნობილია, გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმა წარადგინა, რომელიც ძალაში 6 ივლისიდან უნდა შევიდეს. საპასუხოდ ჩინეთმა ამერიკულ ექსპორტს დაუწესა გადასახდი, მათ შორის ნავთობსაც.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ პეკინის საპასუხო ზომებმა ინვესტორები დააფრთხო, რადგან საბოლოო ჯამში ეს გლობალური ეკონომიკის ზრდას უქმნის საფრთხეს.

ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა „მორგან სტენლიმ“ უკვე გააფრთხილა საკუთარი კლიენტები, რომ სავაჭრო განხეთქილების გამო ეკონომიკის ვარდნის რისკმა მოიმატა.

შტატებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში​  ფილქნური ნავთობის წარმოება და შესაბამისად, ექსპორტიც საგრძნობლად გაიზარდა. ამ ნავთობის გასაღების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი კი ჩინეთია.

მეორეს მხრივ, ნავთობის ფასის ვარდნას ანალიტიკოსები ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის, ოპეკის და რუსეთის მხრიდან წარმოების გაზრდის გეგმასაც უკავშირებენ. მაისის ბოლოსთვის ნავთობის ფასი ბოლო 3 წლისა და 6 თვის მაქსიმუმზე ავიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპეკის ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა, საუდის არაბეთმა და რუსეთმა წარმოების ზრდის მზაობა გამოხატეს, ფასმა ვარდნა დაიწყო.

როგორც ცნობილია, ოპეკის წევრი და არაწევრი რამდენიმე ქვეყანა რუსეთის ჩათვლით, ნავთობის ბაზარზე ფასის ზრდის მიზნით 2017 წლიდან შემცირებულ წარმოებაზე გადავიდნენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წარმოების ზრდის ინიციატივით საუდის არაბეთი და რუსეთი 22 ივნისს ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე გამოვლენ.

ამერიკული ფინანსური გიგანტის, „გოლდმან საქსის“ აზრით, ფასის ვარდნას, ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, ხელი განვითარებადი ქვეყნებიდან მოთხოვნის ვარდნამაც შეუწყო ხელი. ფინანსური გიგანტი თვლის, რომ ნავთობის ბაზარზე დეფიციტია და ამის შევსებას ოპეკისა და რუსეთისაგან ელოდება. „გოლდმან საქსის“ ვარაუდით, ოპეკი და რუსეთი დღიურ წარმოებას წლის ბოლოსთვის 1,3 მილიონი ბარელით გაზრდიან, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 0,5 მილიონი ბარელით მოიმატებს.