ნათია გედენიძე - გრიგოლ ვაშაძეს მოუწევს, მედიასთან და საზოგადოებასთან მოიხადოს ბოდიში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამნეზია, გვახსოვს ყველაფერი
ვაშაძეს მოუწევს, მედიასთან და საზოგადოებასთან მოიხადოს ბოდიში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამნეზია, ჩვენ გვახსოვს ყველაფერი, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძე პირველ არხს განუცხადა.
ნათია გედენიძემ კომენტარი გააკეთა გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომ არ იცნობს გიორგი აბდალაძეს და აგრეთვე, 2011 წლის განცხადებაზე, რომელიც იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფოტოგრაფების საქმეზე გააკეთა.
„მე გამახსენდა გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, როდესაც ის ბრძანდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი და საუბრობდა ჟურნალისტების მისამართით, იმ ჟურნალისტების მისამართით, ვინც ჩვენთვის, ჩვენი გულისთვის იდგა ქუჩაში, არ შეუშინდა მაშინ იმდროინდელ რეჟიმს. მაშინ ჟურნალისტებმა გაბედეს და დადგნენ ქუჩაში. შესაბამისად, მისი კომენტარი მოიცავდა იმას, რომ ჟურნალისტებს უნდა მოეხადათ ბოდიში მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები იქნებოდა წარდგენილი. დღევანდელი მდგომარეობით, ეს მტკიცებულებები უკვე სხვანაირად არის წარმოჩენილი და ამას საზოგადოება ძალიან მალე იხილავს. ვაშაძეს მოუწევს, სრულიად მედიასთან და საზოგადოებასთან მოიხადოს ბოდიში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამნეზია, ჩვენ გვახსოვს ყველაფერი”, – განაცხადა გედენიძემ.
ნათია გედენიძემ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იმ დროს ფოტოგრაფების გვერდით დადგნენ, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ გამბედაობამ გადაარჩანა ისინი მაშინდელი რეჟიმის მკაცრ პირობებს.
„დღეს არ ვიქნებოდით ჩვენი შვილების და საზოგადოების გვერდით. ესენი იყვნენ ფოტოგრაფები, რომლებიც გაბედულად მუშაობდნენ 26 მაისის ღამეს. მათ საზოგადოებასა და საერთაშორისო მედიას თამამად წარუდგინეს მასალა, რომელიც რეალურად მათი რეჟიმის პირობებში ხდებოდა”, – განაცხადა გედენიძემ.
ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.
ამასთან, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები. „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.
ამასთან, ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ დღეს განაცხადა, რომ ახლა ყველაფერს უარყოფენ, რადგან უნდათ, ვითომ ხელახლა იწყებენ ცხოვრებას. „გრიგოლ ვაშაძემ ხომ თქვა, რომ არ მიცნობს, ახლა მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ირაკლი გედენიძეს არ იცნობს”, – აღნიშნა აბდალაძემ.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები დააკავეს იმიტომ, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.