გრიგოლ ვაშაძე - ყველა ფინანსური მენეჯერი, ვინც ჩვენს დროს საელჩოებში იყო, თურმე მინისტრები გახდნენ და აჰა, ბატონო შედეგი
გრიგოლ ვაშაძე - ყველა ფინანსური მენეჯერი, ვინც ჩვენს დროს საელჩოებში იყო, თურმე მინისტრები გახდნენ და აჰა, ბატონო შედეგი

სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ბერლინშიც როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტარების მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება, ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის.

მისივე თქმით, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ეს არის ხელისუფლების „დამსახურება“.

„სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ბერლინშიც როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად. ამის მიზეზის ძებნას თუ დავიწყებთ და ხელს მივყოფთ იმას, რაც ქართულ პოლიტიკურ კლასს ასე ძალიან უყვარს – ერთმანეთის დადანაშაულება, მაშინ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების მთავარი პოსტულატი გავიხსენოთ – წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს. ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ეს არის ხელისუფლების „დამსახურება“. საკმარისია ორი თარიღი გავიხსენოთ – 5 ივლისი, როდესაც ფიზიკურად დაამცირეს, გალახეს, უშვერი სიტყვებით ლანძღეს ჟურნალისტები და 19 აპრილის შეთანხმება, სადაც ევროპის კავშირმა ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ასე თუ ისე ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნებულიყო. რატომღაც, მავანს ეგონა, რომ ევროპის კავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც მას და მის უმაღლეს თანამდებობის პირს მივაყენეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივ თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ორი კვირა დარჩა და ამ დროის განმავლობაში საჭიროა, თანამდებობის პირები, ვინც ბრიუსელში ექსკურსიაზე დადიან, ჩაბრძანდნენ, გამოიკვლიონ, ევროპატლამენტარებს შეხვდნენ, დაელაპარაკონ და ყველა პრეტენზია გაარკვიონ.

„ჩვენ მშვენივრად ვიცით, რა არის ეს პრეტენზიები. ეს არის – სამართალდამცავი სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, უკანონო მიყურადებები, საარჩევნო სისტემა. უნდა ავიღოთ ვალდებულება იმის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორება. არსებობს ამის ალტერნატივაც – „ქართული ოცნების“ ლიდერშიფმა ევროპარლამენტარებთან ძველბიჭური ლაპარაკი გააგრძელოს და მაღალი ტრიბუნიდან აცხადონ, თურმე, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ეს არის მათთვის მეორე გამოსავალი. ოპოზიციას ხელი არაფერზე მიუწვდება, არავინ არაფერს არ გვეკითხება, ყველაფერი თვითონ იციან, ყველაფრის სპეციალისტები არიან, ყველა დიპლომატიის ბრწყინვალე ოსტატია და ყველა ფინანსური მენეჯერი, ვინც ჩვენს დროს საელჩოებში იყო, თურმე მინისტრები გახდნენ და აჰა, ბატონო შედეგი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცი, რას გადაწყვეტს ევროკომისია სანქციების დაწესების საკითხზე, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკიდურესად მტკივნეულია, გყავდეს სანქცირებული პერსონა – არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა ეს ადამიანი. ეს ის არის, რომ გაუთანასწორდე რუსეთსა და ბელოსუსიას“, – განაცხადა ვაშაძემ.