გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე ვსვამ კითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას, ღმერთმა დაიფაროს, თუ იქნება, ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე ვსვამ კითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას, ღმერთმა დაიფაროს, თუ იქნება, ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს

დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია, როდესაც უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ სახელმწიფოში ირღვევა სანქციების რეჟიმი.

როგორც საქართველოს პირველ არხს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ეს ორი ქვეყნის მოკავშირეობას არ შეეფერება.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოკავშირეებთან ყოველთვის სვამს კითხვას, არათუ სანქციების დარღვევის ფაქტი, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვაშაძის თქმით, პასუხად კატეგორიულ არას იღებს.

„როდესაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვითომ ირღვევა სანქციების რეჟიმი, პუტინთან დაახლოებული პირები გვყავს, ამავე დროს, აბრამოვიჩი მამა აბრამის ბატკანია და საქმე არ აქვს პუტინთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენს მოკავშირეობას არ შეეფერება. ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე (მათი სადაზვერვო შესაძლებლობები საზოგადოებას მშვენივრად მოეხსენება) ვსვამ ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას. ღმერთმა დაიფაროს, როდესაც იქნება, ამაზე ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე: „როგორ აისახება სანქციებთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე“, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორებს აინტერესებთ, როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს და არა პროპაგანდისტული განცხადებები.

„ეს ორი საკითხი გავყოთ. როგორც შარლ მიშელმა თავის ბოლო ინტერვიუში ბრძანა, ჩვენ გვაფასებენ იმ შედეგებით, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს პროპაგანდისტული განცხადებები მეგაფონით არავის აინტერესებს. აინტერესებთ ის, როგორ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს, რაც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული“, – განაცხადა ვაშაძემ.